გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

უპირველეს ყოვლისა, უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, მოქალაქეებს, რომლებიც, ზეწოლის, შანტაჟისა და ძალადობის მიუხედავად, მოვიდნენ არჩევნებზე და ნდობა გამოგვიცხადეს. ჩვენ ამას სამოქალაქო გმირობად მივიჩნევთ და, პირველ რიგში, სწორედ მათი თავდადება გვავალდებულებს, ბრძოლა გავაგრძელოთ.

ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, დემოკრატიული, მრავალპარტიული საქართველოსთვის, სადაც ყველაფერი არ იმართება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, სადაც დასავლური ფასეულობები, განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და თავისუფალი ეკონომიკა შეუქცევადად და მყარად დამკვიდრდება.

ამ ბრძოლისთვის უპირველეს ყოვლისა გვჭირდება პრინციპების გარშემო ერთიანობა, სიმშვიდე და ცივი გონებით გააზრება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ და საერთაშორისო ასპარეზზე.

ფაქტია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ბიძინა ივანიშვილმა ყველა აკრძალული მეთოდით და დაბალი მხარდაჭერით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალადობრივი გარემოს, საარჩევნო მანიპულაციების და მოსყიდვის პირობებში, მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტერორისტული აქტი განხორციელდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ ნახევარი მილიონამდე ხმა მიიღო და ფაქტობრივად, ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიად დარჩა.

შექმნილ ვითარებაში, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა შესულიყო საპარლამენტო დელეგაციით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და გაეგრძელებინა ბრძოლა მეორე ტურებში, რადგან ბიძინა ივანიშვილისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის უბრძოლველად ჩაბარება მართებული არ იქნებოდა.

გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიისთვის ბუნებრივი კამათისა და დისკუსიის ფონზე იქნა მიღებული, ხმათა უმრავლესობით.

შიდაპარტიული დისკუსია გადაწყვეტილებათა მიღების განუყოფელი ნაწილია და სრული პატივისცემით ვეპყრობით პარტიის შიგნით გამოთქმულ ყველა პოზიციას. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობა პარტიის ღირებულებებისა და პრინციპების გარშემო და შესაბამისად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებათა მიღების იმ დემოკრატიული წესის შენარჩუნება და გაფრთხილება, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დამკვიდრდა. ერთიანობას სწორედ დემოკრატიული დისკუსია და აზრთა შეჯერება უზრუნველყოფს, დისკუსია პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მოხალისეებს შორის.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.

კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი.

ჩვენი პარტიის კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის ვინც აღიარებს ჩვენს ღირებულებებს, პატივს სცემს პარტიის წესებს და შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმებს.

ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ ჩვენი მიზანია იმ ზომის მხარდაჭერის კონსოლიდირება, რომ ივანიშვილი აკრძალულმა მეთოდებმაც ვერ გადაარჩინოს მომავალ საარჩევნო მარცხს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ამ რწმენის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოეპოვებინა. მაგრამ მომავალი გამარჯვების მთავარი საყრდენი, ბუნებრივია ის ნახევარი მილიონი პრინციპული მოქალაქეა, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა.