მედია

ახალი ამბები

გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება

გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება. იგი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს, რომლის ორგანიზატორები არიან: ბრიტანეთის პარლამენტი და მოსახლეობისა და  განვითარების  ევროპის  საპარლამეტო ფორუმი (EPF). შეხვედრაში, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში იმართება, მონაწილეობენ დიდი რვიანისა და ასევე 35 ქვეყნის პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორაგანიზაციები. ძირითადი თემა დღეს მსოფლიოში არსებული მოსახლეობისა და განვითარების პრობლემები, რეპროდუქციული უფლებები, ოჯახის დაგეგმვის პროგრამები და ამ კუთხით მიღწეული პროგრესისა და შემდგომი სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმებაა. კონფერენცია შეიმუშავებს სპეციალურ კომუნიკეს, რომლითაც მიმართავს  დიდი რვიანისა და სხვა  ლიდერებს და მათ შეახსენებს მოსახლეობისა და განვითარების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. გიგი წერეთელი, როგორც მოსახლეობისა და განვითარების  ევროპის საპარლამეტო ფორუმის პრეზიდენტი, სიტყვით მიმართავს  კონფერენციის მონაწილეებს. აგრეთვე, დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატით შეხვედრები თემთა პალატის სპიკერთან, ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს სხვა ლიდერებთან და ევროპელ კოლეგებთან, გაეროს  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.  

ვანო მერაბიშვილი ქართველი გლეხებისა და ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროგრამიდან 80 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს და გლეხებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის.ვანო მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ხალხის, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა რჩევები იმის თაობაზე, რომ ფერმერებს ჰქონოდათ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების ბანკებში განაღდების საშუალება და, შესაბამისად, მოხდა ის გაუგებრობა, რომ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც აღნიშნული ვაუჩერები მოქმედებდა, გლეხებს საჭირო ინვენტარში გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევდათ, ვიდრე ამ ნივთების ღირებულებაა ბაზარზე."ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამიდან მოპარული იქნა 80 მილიონი ლარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მიმართულია ჩვენი სოფლისა და საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, უფრო მეტიც, წინასაარჩევნო პროგრამაში, გახსოვთ, გვქონდა 1000-ლარიანი ვაუჩერი და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი, დახმარებოდა სოფელს შედეგიანი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებამ იმთავითვე დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, არ გაითვალისწინა ხალხისა და, მათ შორის, ჩვენი რჩევები. ჩვენ ვთავაზობდით, რომ გლეხებს ჰქონოდათ საშუალება ამ სასოფლო-სამეურნეო ბარათების თუ ვაუჩერების ბანკში განაღდებისა. ამით თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციას, ავიცილებდით იმ გაუგებრობას, რომელიც ამას მოჰყვა, ავიცილებდით იმას, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, განსხვავებული ფასები ჩამოყალიბდა ბარათით შეძენილ ინვენტარსა და თავისუფალ ბაზარზე ამ ნივთების ფასს შორის", - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.ფასებში არსებული განსხვავების საილუსტრაციოდ მან ბრიფინგზე ის სასოფლო-სამეურნეო ნივთები წარმოადგინა, რომლებსაც ამ პროგრამის ფარგლებში ფერმერები ყველაზე ხშირად იძენდნენ."ჩვენი დათვლით, განსხვავება თითოეული ნივთის ფასს შორის არის მინიმუმ 30%, ანუ 80 მილიონი ლარი დაკარგეს ქართველმა გლეხებმა. ჩვენი ფრაქცია პარლამენტში დაიწყებს აქტიურ მუშაობას მომდევნო კვირიდან და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გამოეხმაურება ჩვენს და რაც მთავარია, ხალხის პრეტენზიებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით: ის დანაკარგი, 80 მილიონი, რომელიც ქართველ გლეხებს წაერთვათ, საკომპენსაციოდ, თუნდაც საშემოდგომოდ, თითოეულ ოჯახზე 120-ლარიანი ვაუჩერი ან ბარათი დარიგდეს, ოღონდ დაშვებული იქნას, რომ ამ ბარათებით შესაძლებელი იყოს ბანკში ფულის განაღდება. მე ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას 80 მილიონის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვაში და მოვითხოვ, რომ ეს ფული დაუბრუნდეს ქართველ გლეხობას, რადგანაც მათ ზუსტად ამ ოდენობის თანხა დაკარგეს... 80 მილიონის მოპარვა ასე მოკლე ვადაში, მხოლოდ ერთი პროგრამიდან - ეს არის არნახული ფაქტი და უახლოეს წლებში მსგავს აფიორას საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ეს მთელი მთავრობისა და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნივთები გაყიდულიყო მხოლოდ სპეციალიზებულ, შეზღუდულ მაღაზიებში", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.ბრიფინგის დასასრულს მან მედიის შეკითხვებს უპასუხა. ვანო მერაბიშვილს კითხვები დაუსვეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოსთვის ქვეყანა ვერ გავა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, მეორე მხრივ, იმის თაობაზე, თუ რატომ გაიზარდა ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების შემთხვევები, რაც, მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახშირდა. „საქართველოს ეკონომიკასთან და იმ ძალიან საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში არის და, ალბათ, ამას ყველა გრძნობს - ყველა მეწარმე, დასაქმებული თუ უმუშევარი - მე საგანგებოდ გამოვეხმაურები მომავალ კვირას. ერთი რამ ფაქტია: ის დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავალი, რაც დღევანდელ მთავრობას ჰქონდა, როგორც მინიმუმ, მკვეთრად შემცირდება. იმედი გამოვთქვათ, რომ ეს კრიზისი აღარ გაღრმავდება, თუმცა, მე, ვფიქრობ, ხელისუფლებას უკვე დღეიდან მოუწევს ხარჯების შემცირება, რადგან წლის ბოლომდე მათ ექნებათ საკმაოდ დიდი საბიუჯეტო გარღვევა და თუ თადარიგი ახლავე არ დაიჭირეს და არ გადავიდნენ ეკონომიაზე შემოდგომაზე სავალალო შედეგებამდე მივალთ. ამისთვის, სპეციალურად მოვემზადები და შემდეგ კვირას კონკრეტული რეკომენდაციებით წარვდგები ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე... ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან სერიოზული და საგანგაშო ინფორმაცია გვინდა მოგაწოდოთ, ამჟამად გადამოწმება მიმდინარეობს და არ გვინდა წინასწარ განვაცხადოთ. ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, რაც არ გაგვიკეთებია არც ჩვენ 9 წლის განმავლობაში და თვით შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი, მსგავსი რამეები არ ხდებოდა. რა მოხდა ბოლო თვეებში, ამის შესახებ ჩვენ საგანგებო განცხადებებს გავაკეთებთ. გადამოწმების შემდეგ, მომავალ კვირას ჩვენ გპირდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწოდებთ - რატომ ხდება გახშირებულად საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შემდეგ მათი საჯარო გათავისუფლება?“, - ასე უპასუხა ვანო მერაბიშვილმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს.მომავალ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებს.    

Pages