ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ქ. ქუთაისის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა უკანონო გათავისუფლების შესახებ
5 ივლისი, 2013 წ.
საქართველოს არჩეული თვითმმართველობების უმრავლესობის მსგავსად ქუთაისის თვითმმართველობის არასაარჩევნო, ძალადობრივი გზით დაუფლების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო დაიწყო თანამშრომელთა მასიური უკანონო დათხოვნები. სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი კრიტერიუმი ქუთაისის ახალი მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებითვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობაა.
მერის 4 ივლისის ბრძანებით, რომელიც გამოცემულ იქნა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალების დროებითი შემსრულებლის ხათუნა ხურციძის (სატეესტაციო კომისიის წევრის ზურაბ ხურციძის შვილი) იმავე დღეს დაწერილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა ორი ვიცე-მერი: ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ახორციელებდა ზეწოლას ორივე ვიცე-მერზე, რათა მათ საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ თანამდებობა. ზეწოლისადმი არდამორჩილების შემთხვევაში კი იყო სისხლის სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრების მუქარები“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
„ვიცე-მერების, რომელთაც ქუთაისის განვითარებაში და ფეხზე დაყენებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ასე გათავისუფლება არის უკანონო და ეწინააღმდეგება კანონს საჯარო სამსახურის შესახებ. მათ არ უფიქსირდებათ არცერთი გადაცდომა, არ მიუღიათ არცერთი გაფრთხილება და მათ მიმართ არ წარმოებს არანაირი ოფიციალური დევნა“, - დასძინა მან.
მიმდინარე რეორგანიზაციის და ბიუროკრატიული აპარატის ზოგადი ზრდის შედეგად, ქ. ქუთაისის მერიიდან დათხოვნილია 87 ადამიანი.
„ეს ყველაფერი ხდება ნეპოტიზმის არნახული აყვავების ფონზე, რამაც ფაქტობრივად, წალეკა სახელმწიფო აპარატი. მაგალითად, აპრილის მონაცემებით, 50 მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილი 2,000 ადამიანის სანაცვლოდ სამსახურში აყვანისას მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა კონკურსი. იმ დროს, როცა ეკონომიკა განიცდის შენელებას და ხალხი ყოველდღიურად კარგავს სამსახურს, ბიუროკრატიის ზრდა ეკონომიკას კიდევ უფრო შეანელებს. ეს ეკონომიკის ზოგადი კანონია“, - განაცხადა ნადირაშვილმა.