მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ფორმატთან დაკავშირებით

დღეს გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ადრეც გამოთქვამდა ეჭვს უწყებათაშირისი კომისიის უშიშროების ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა უწყებათაშირისი კომისიის მუშაობის ახალმა წესმა. სამწუხაროა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაერთი საჩივრის განხილვის შედეგად კომისიამ დღეს ერთადერთი გადაწვეტილება მიიღო. კერძოდ,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება მომავალში მხოლოდ ერთ წარმომადგენელს შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ადრე თითოეულ პარტიას ორი  წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა ქონდა. ამ უფლებას უშუალოდ „ქართული ოცნებაც“ წარმატებით იყენებდა, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. განსაკუთრებული  შეშფოთების საგანია სხდომების წარმართვის თვისობრივად ახალი წესი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხოლოდ შეხვედრის ბოლოს ეძლევათ საკუთარი პოზიციებისა და ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობა, თან ყველა საკითხზე ერთობლივად. განხილვის ასეთი წესი ხელს არ უწყობს თითოეული საჩივრის შესახებ ცალ-ცალკე მსჯელობას და თითოეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა წყაროდან მიღებული ფაქტობრივი ინფორმაციისა და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უწყებათაშორისი კომისიის ეფექტური მუშაობით ჯერ კიდევ არის შესაძლებელი  თავიდან იქნეს აცილებული წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობრივი თავდასხმები, დაშინება-ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამიტომ მოვუწოდებთ უწყებათაშორის კომისიას ყველა ზომას მიმართოს პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებისა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისათვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ

შენიშვნა: PDF ფორმატში განცხადება იხილეთ აქ. ორი დღის წინ, 14 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ სჭირდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან კონსულტაცია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან უკანასკნელი წლების ეკონომიკური წარმატება იყო ილუზორული და მიღწეული იყო ქვეყნის საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ხელისუფლება მუდმივად ცდილობს არსებული პრობლემები გადააბრალოს ხან წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, ხან იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ჯერ კიდევ უკავია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს. ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 თვის თავზე, კვლავ ასეთი ტიპის განცხადებებით აპელირება შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი იყოს "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მოუწია უამრავ პრობლემასთან გამკლავება. მწირი რესურსების პირობებში ძალზე რთული იყო პრიორიტეტების შერჩევა. 9– წლიანი მმართვლობის პერიოდში ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს და ამ მხრივ, არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ყოფილა უნაკლო. ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ კერძო საკუთრების დაცვისა და ბიზნესთან საგამოძიებო სტრუქტურების დამოკიდებულების მხრივ, უკანასკნელ წლებში გატარებული პოლიტიკა იყო გაუმართლებელი. მიუხედავად ამისა, განცხადებები იმის თაობაზე, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური პოლიტიკა იყო არასწორი და უშედეგო, არის კონტრპროდუქტიული, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური გუნდის მხიდან, რომელმაც მუდმივად მზარდი ქვეყნის ეკონომიკა მოახერხა და 10 თვეში შემცირებისკენ წაიყვანა. გთავაზობთ 20-პუნქტიან ჩამონათვალს იმისა, თუ რას მივაღწიეთ ყველამ ერთად ვარდების რევოლუციის შემდეგ, რა ჩაიბარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინა ხელისუფლებისგან და რა გადააბარა "ქართულ ოცნებას": 1. გადასახადები: 2003 წელს საქართველოში არსებობდა 21-23 გადასახადი და მაღალი საგადასახადო განაკვეთები. ჩვენ დავტოვეთ ქვეყანა, რომელშიც საგადასახადო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. საგადასახადო შემოსავლების მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან საქართველოში 25-26%-ია, მაშინ როდესაც ევროპაში საშუალოდ 36-38%-ია. 2009 წლის "Forbs"-ის კვლევის მიხედვით, საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით საქართველო მე-4 ადგილს იკავებდა კატარის, გართიანებული არაბეთის ემირატებისა და ჰონგ-კონგის შემდეგ; 2. ლიცენზიები: 2003 წელს სახელმწიფო გასცემდა დაახლოებით 300 ლიცენზიასა და 600 ნებართვას, რაც კორუფციის მნიშვნელოვნ წყაროს წარმოადგენდა. 2012 წლისთვის მათი რაოდენობა შემცირდა შესაბამისად 92-მდე (70%-იანი კლება) და 52-მდე (90%-იანი შემცირება); 3. სავაჭრო ბარიერები: 2003 წელს იმპორტის განხორციელებას სჭირდებოდა საშუალოდ 52 დღე, ექსპორტის - 54 დღე, და არსებობდა 16 განსხვავებული საბაჟო ტარიფი. 2012 წელს იმპორტს სჭირდებოდა 4 დღე, ექსპორტს - 5 დღე, ხოლო პროდუქტების 95%-ზე 0-ვანი საბაჟო განაკვეთი მოქმედებდა; 4. სახელმწიფო ბიუჯეტი: 2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იყო 1.2 მილიარდი ლარი და მუდმივად პრობლემა იყო მისი შესრულება. 2013 წლისთვის ჩვენ დავტოვეთ, თითქმის 9– მილიარდიანი ბიუჯეტი; 5. საოპერაციო სალდო: ქვეყნის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, რომელიც მიუთითებს რამდენად ახერხებს ქვეყანა გრძელვადიანი ვალებულებების არსებული საგადასახადო შემოსავლებით დაფინანსებას, 2003 წელს იყო მხოლოდ 1.3%. 2011 წელს ჩვენ ეს მაჩვენებლი ავწიეთ 5.3%-მდე; 6. მთლიანი შიდა პროდუქტი: 2003 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (ეკონომიკის ზრდის არაზუსტი, მაგრამ ყველზე ხშირად გამოყენებადი მაჩვენებელი) შეადგენდა დაახლოებით 3,000 აშშ დოლარს (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით). 2011 წელს იგივე მაჩვენებელი თითქმის 5,500 აშშ დოლარი გახდა; 7. ბიუჯეტის დეფიციტი: 2013 წლის ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა დეფიციტის 3%-იან ნიშნულზე დაბლა ჩამოწევა, რაც წარმოადგენს"ევროპულ სტანდარტს", გათვალისწინებულს 1992 წლის მაასტრიხტის შეთანხმებით. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" 10-თვიანი მმართველობის შემდეგ, როგორც უკვე არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია პროგნოზირებს, ამ მიზნის მიღწევა წელს მაღალი ალბათობით შეუძლებელი იქნება; 8. საგარეო ვალი: ვალის ნომინლურ მოცულობზე საუბარს (რასაც ხშირად ადგილი აქვს "ქართული ოცნების" მხრიდან) აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია ვალის მიმართება შემოსავლებთან. თუ ადამიანს აქვს 5,000 ლარი ვალი და 100 ლარი შემოსავალი, ეს პრობლემაა. მაგრამ თუ ადამიანს აქვს 5,000 ლარი ვალი და 15,000 ლარი შემოსავალი, მაშინ ეს ვალი ნაკლებად მნიშვნელოვანია (2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების 9% სწორედ საგარეო ვალის ზრდაზე მოდის, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ფაქტი არასდროსს წარმოუჩენია როგორც პრობლემა). 2003 წელს საქართველოს საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით იყო 47%. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი იყო დახლოებით 32%. საგარეო ვალთან მიმართებაში ‘ევროპული სტანდარტია’ 60% (1992 წლის მაასტრიხტის შეთანხმება). ანუ, საგარეო ვალის თვალსაზრისით, საქართველოს მდგომარეობა 2012 წლისთვის იყო სახარბიელო და საუბარი იმის თაობზე, რომ ეკონომიკა იზრდებოდა ვალის ხარჯზე, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია;     9. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები: 2003 წელს საქართველოს საერთოდ არ გააჩნდა ე.წ. "წმინდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები". არსებული მწირი რეზერვი წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციების ვალს. 2011 წელს საქართველოს არსებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვებით შეეძლო 4 თვეზე მეტი იმპორტის განხორციელება (3 თვე არის საერთაშორისო სტანდარტი); 10. სესხები: 2003 წელს ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის სახით მთლიანობაში გაცემული იყო დაახლოებით 730 მილიონი ლარი. 2012 წელს იგივე მაჩვენებელმა, თითქმის 9 მილიარდს მიაღწია (დიაგრამაზე სესხების მოცულობის შეფარდება მშპ-სთან ); 11. დეპოზიტები: 2003 წელს ფინანსურ ინსტიუტებში დეპოზიტებზე განთავსებული იყო დაახლოებით 700 მილიონი ლარი. 2012 წელს იგივე მაჩვენებელმა თითქმის 7.5 მილიარდს მიაღწია (დიაგრამაზე დეპოზიტების მოცულობის შეფარდება მშპ-სთან); 12. საბანკო სისტემის აქტივები: 2003 წელს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივები მთლიანობაში შეადგენდა დაახლოებით 1.3 მილიარდ ლარს. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი გაიზარდა დახლოებით 14 მილიარდამდე (დიაგრამაზე საბანკო სისტემის აქტივების შეფარდება მშპ-სთან);   13. საგარეო ვაჭრობა: 2003 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 1.6 მილიარდ აშშ დოლარს. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი10,2 მილიარდამდე გაიზარდა;   14. იმპორტი: 2003 წელს საქართველოში მთლიანი იმპორტი შეადგენდა დაახლოებით 1.1 მილიარდ აშშ დოლარს. 2012 წელს იგივე მაჩვენებელმა 7.8 მილიარდს მიაღწია;   15. ექსპორტი: 2003 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტი შეადგენდა დაახლოებით 0.5 მილიარდ აშშ დოლარს. 2012 წელს იგივე მაჩვენებელმა დახლოებით 2.4 მილიარდს მიაღწია;   16. პენსიები: 2003 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსია ე.წ. ასაკით პენსიონერზე შეადგენდა 14 ლარს და ხშირ შემთხვევაში გაიცემოდა 6-8 თვიანი დაგვიანებით. 2013 წლის ბიუჯეტში ნაციონალურმა მოძრაობამ დააბიუჯეტა 150 ლარიანი პენსია დაახლოებით 683,000 საქართველოს მოქალაქისთვის; 17. ხელფასები: 2003 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი იყო 125.9 ლარი. 2011 წლისთვის იგივე მაჩვენებელი გიზარდა 636 ლარამდე;   18. ტურიზმი: 2005 წელს საქართველოში შემოდიოდა 0.6 მილიონი ტურისტი. 2012 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 4.4 მილიონამდე;   19. ელ. ენერგია: 2003 წელს საქართველოში ელ. ენერგიის მიწოდების შეწყვეტა იყო ყოველდღიური რუტინის ნაწილი, ყველა თბოელექტროსადგური და 12 მთავარი ჰიდროელექტროსადგურიდან 3 იყო გაჩერებული, ელ. ენერგიის მოხმარების საფასურს იხდიდა დაახლოებით 15-25%, სისტემაში იყო ენითაუწერელი კორუფცია. უკვე 2008 წლისთვის ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებდნენ მოხმარებული ელ. ენერგიის 80%-ს, დენი პრაქტიკულად აღარ ითიშებოდა ქვეყნის არც ერთ რაიონში, ელ. ენერგიის მოხმარების საფასურს იხდიდა დაახლოებით 95%, საქართველო გახდა ელ. ენერგიის ნეტო ექსპორტიორი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) პირველად ქვეყნის ისტორიაში; 20. სავაჭრო ხელშეკრულებები: ჩვენ 1. გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთის რესპუბლიკასთან; 2. პრაქტიკულად ბოლომდე მივიყვანეთ და ხელმოწერისთვის გავამზადეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან; და 3. დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი რეგიონისთვის.   ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაგძელდეს თუ ვისაუბრებთ საქართველოს გაუმჯობესებულ პოზიციებზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში, საქართველოს გაუმჯობესებულ სუვერენულ საკრედიტო რეიტიგზე, განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, გამქრალ კორუფციაზე, რომლის კვალიც 10 თვეა ვერ აღმოაჩინა "ქართულმა ოცნებამ", სამაგალითო საჯარო სერვისებზე და სხვა, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი და შედეგია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზემოთ მოყვანილი 20 პუნქტიდან, ათიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად შეფასებულიყო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ გადაიტანა ომი და სრული ბლოკადა ერთ დროს მთავარი სავაჭრო პარტნიორის მხრიდან. უკანასკნელი თვეების განმავლობაში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ შესთავაზა ხელისუფლებას როგორც არსებული ეკონომიკური პრობლემების მიზეზების დეტალური ანალიზი, ისე შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზები (იხ. 31 ივლისის ზურაბ ჯაფარიძის ღია წერილი პრემიერ მინისტრის მიმართ) და კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. ჩვენ არ გვაქვს არც ამბიცია და არც სურვილი გამოვჩნდეთ როგორც ახალი ხელისუფლების მასწავლებელები. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ყოფილმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ახალს. ეს არის ის ფუფუნება, რომელიც არ გააჩნდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას შევხვდეთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, და/ან საპარლამენტო უმრავლეობას, მათთვის სასურველ ფორმატში, რათა გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღმოჩნდა ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი.  

Pages