გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:16 / 5 ივნისი 2017

თუ მუხტარლის საქმეზე პასუხისმგებელ პირებს არ გაათავისუფლებენ, მთელი მთავრობის გადადგომას მივაღწევთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ვიცე-პრემიერი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა რურუას განცხადებით, პარტია, ქართველ ხალხთან ერთად მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას მიაღწევს.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მოტაცება, როგორც ეს აქტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს.

ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას,  საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია , რომ ხელისუფლებამ ადექვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე, შეგნებულად არ აკეთებს.

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომ გადააყენოს დაკავებული თანამდებობებიდან შს მინისტრის მღებრიშვილი, სუსის ხელმძღვანელი გომელაური და ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართული საზოგადოების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად.

თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან, ან მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ჩვენს მთავარ თანამებრძოლ ქართველ ხალხთან ერთად „- განაცხადა ნიკა რურუამ.