გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:02 / 9 სექტემბერი 2016

საღარეიშვილი: კვირიკაშვილის დაპირება მოქალაქის გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებაზე, ტყუილი აღმოჩნდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა საღარეიშვილი ქართულ ოცნებასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კიდევ ერთ ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კვირიკაშვილი მოქალაქე დალი ტუსკაძეს მისი შვილისთვის თვალის გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებას დაპირდა, თუმცა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.

„პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წყალტუბოს იმუნოლოგიის ცენტრში ვიზიტისასას მოქალაქე დალი ტუსკაძემ მისი შვილისთვის თვალის გადაუდებელი ოპერაციის (რქოვანას გადანერგვა) დაფინანსება სთხოვა. პრემიერმა მას საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება დაავალა და გიორგი ტუსკაძისთვის აღნიშნული ოპერაციის დაფინანსებას დაპირდა.

ერთი თვის შემდეგ კი დალი ტუსკაძეს ჯანდაცვის სამინისტროსა და პრემიერმინისტრისგან პასუხი მოუვიდა - ბიუჯეტში თანხის არარსებობის თაობაზე, ამიტომ მისი შვილისთვის გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსება ვერ მოხერხდებოდა“,- განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.