გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:48 / 23 თებერვალი 2017

მოსმენების შესახებ კანონი ქართულ საკომუნიკაციო ბიზნესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს 

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარე რომან გოცირიძის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონი ქართულ საკომუნიკაციო ბიზნესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს  და  უცხოელ ინვეტორთა თვალში ქვეყნის იმიჯს აუარესებს.

 

ამ კანონით სპეცდანიშნულების სახელმწიფო ძალოვანი ორგანო ერევა ფარული კონტროლის განმახორციელებელ კერძო ოპერატორი კომპანიების ფინანსურ და სხვა სახის საქმიანობაში, ქმნის მათზე ადმინისტრაციული ზეწოლის ისეთ მექანიზმებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ საქმიანობას.

 

ახალი სააგენტო პირდაპირ ექცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში და მისი ოპერატიული მართვის ქვეშ.

 

სუსი მთლიანად ანხორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა და გათავისუფლების კონტროლს, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს, მონაწილეობს მმართველობით პროცედურებში.

 

ამ კანონის მიღება წარმოდგენილი სახით ზიანს მიაყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესს, ლახავს ადამიანის უფლებებს, ზრდის სახელმწიფოს ჩარევის ზომას კერძო ბიზნესში და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში.

 

რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მიეცემა დაფიქრების შესაძლებლობს, რათა გამოასწოროს მათ მიერვე დაშვებული შეცდომები.

 

ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა ოცნების ხელისუფლებამ მათივე წარსული უარყოფითი გმოცდილებიდან. სულ ბოლო მაგალითი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყვანა იყო, რომელსაც ახლა ისევ უკან აბრუნებან.