გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:19 / 10 მაისი 2013

გიორგი ვაშაძე: "დღევანდელი ხელისუფლება იწყებს ტოტალურ კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხეულზე სატარებელი ვიდეო–სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის ტენდერს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება იწყებს ტოტალურ კონტროლს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება დღისით და ღამით გაკონტროლდება.

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი 2 900 სხეულზე დასამაგრებელი ფარული, სათვალთვალო კამერის შესყიდვაზე, რომელშიც აპირებს დახარჯოს 1 131 000 ლარი. ეს კამერები გამოიყურება ჩვეულებრივი ღილივით და შეგვიძლია, მას ვუწოდოთ "ღარიბაშვილის ღილები", რომელიც ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენგანს გააკონტროლებს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალიან ბინძური ხერხებით აკონტროლოს ჩვენი ყოველღიური ცხოვრება და ამისთვის, იყენებს სხვადასხვა საშუალებას. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ფარული კონტროლი, ფარული თვალთვალი – ეს არის კანონგარეშე, სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე არ არის კანონით დაშვებული", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ასევე მან ამ კამერების მრავალმხრივ შესაძლებლობებზე, მის ფუნქციებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მსგავსი რამ არათუ დემოკრატიულ, არამედ ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება.