გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:59 / 12 მაისი 2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპეციალური განცხადება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი გაბაშვილმა რესტორან „ლა ტრუფეში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთეს.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს ინციდენტი იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელებაა, რაც ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს.

იგი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ.

თავის მხრივ, გიორგი გაბაშვილი დეპუტატებზე თავდასხმის ფაქტს ოპონენტების მხრიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ“ მიმართულ ანგარიშსწორებად აფასებს და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნების გაჩენაზე საუბრობს.

"ეს არის მწვანე შუქის ანთება, რომ შეიძლება, ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიში გაასწორო და ელემენტარული სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნების გაჩენა ქვეყანაში, სადაც გარკვეული აგრესიული ჯგუფები და კონკრეტული პარტიების აქტივისტები თვლიან, რომ შეუძლიათ, ნებისმიერ ვითარებაში გამოიყენონ ფიზიკური ძალა მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ", - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.

მისი აზრით, ეს აგრესია სწორედ ხელისუფლების მიერაა წახალისებული. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე, რესტორან „ლა ტრუფეში“ ( La Truffe ) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - დავით საყვარელიძეს, გიორგი ვაშაძესა და ზაზა გოროზიას - თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.