გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:46 / 21 მაისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას აღრმავებს

 

თბილისი

21.05.2013

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის რეგიონში პრეზიდენტის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ისინი ბრალდებულნი არიან 2012 წლის 1–ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური აქტივისტების უკანონო დასაქმებაში.

 

„დღესავით ნათელია, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა არაერთხელ დააკავშირა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის მასშტაბი, ჩვენი პარტიის რიტორიკასთან და აქტივობასთან. საქართველოში ოპოზიციის განადგურება ბატონი ივანიშვილის გაცხადებულ პოლიტიკას წარმოადგენს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

 

პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, ვანო მერაბიშვილი 2006-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მის სახელს უკავშირდება პოლიციაში ძირეული რეფორმების გატარება, რასაც შედეგად მოჰყვა კრიმინალისა და კორუფციის მკვეთრი შემცირება და პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის 5%-დან 84%-მდე გაზრდა. იგი ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო „პრაიმერიზში“ და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება. ბატონი ჭიაბერაშვილი, მიჩნეულია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან დიპლომატად. იგი ასევე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2012 წლის შემოდგომაზე, ხოლო მანამდე საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში და მოგვიანებით შვეიცარიაში.

 

დაკავებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის ლიდერების მხრიდან ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფარული და გარკვეულ შემთხვევებში ღია წახალისების ფონზე. 2013 წლის 8 თებერვალს თბილისში ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ, ისევე როგორც 2012 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში პრეზიდენტის ესკორტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები გათავისუფლებული იქნენ მცირე ადმინისტრაციული ჯარიმების სანაცვლოდ. აღნიშნულმა შექმნა ძალადობის კლიმატი, რამაც კულმინაციას მიაღწია 17 მაისს მასიური დარბევის სახით. მასობრივი უწესრიგობის არცერთი ორგანიზატორი, რომლებმაც მოახდინეს ძალადობის პროვოცირება საზოგადოებაში, არ იქნა პასუხისგებაში მიცემული.

 

„პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყება ნიშნავს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას. ძალიან ცუდი დღეა საქართველოსთვის. ჩვენ მივმართავთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ევროპულ დემოკრატიად ქცევაზე და დემოკრატიული ერების ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულ წევრობაზე, არ გაჩუმდნენ“ - განაცხადა ბაქრაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა არაერთხელ, მათ შორის, „ლე მონდთან“ უკანასკნელ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა ელოდეს დაკავებების გაგრძელებას, თუ იგი არ შეარბილებს რიტორიკას.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეაჩეროს ძალადობის გავრცელება საზოგადოებაში და პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების ნაცვლად, ყურადღების კონცენტრირება მოხდინოს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზე.