გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:09 / 4 ივნისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება სტუდენტური დასაქმების პროგრამის შეწყვეტის შესახებ

4 ივნისი 2013 წ. 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეაჩერა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა. მარგველაშვილის თქმით, იგი არ აპირებს დაასაქმოს და ხელი შეუწყოს სტუდენტებს, რადგან ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. 


მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამამ მხოლოდ 2012 წელს იფუნქციონირა, ეფექტიანი დაგეგმვის, ელექტრონული რეგისტრაციისა და დამსაქმებლებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად პირველივე წელს 25,000 სტუდენტი დასაქმდა. არდადაგების პერიოდში სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად გამოეყენებინათ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, აეთვისებინათ და გაეღმავებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოემუშავებინათ გასამრჯელო 500 ლარის ოდენობით. 


ქვეყანაში უმუშევრობის სწრაფი ზრდის ფონზე, პროგრამის შეწყვეტა უაღრესად მცდარი გადაწყვეტილებაა. უმუშევრობის ზოგადი ზრდა ამცირებს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსებს, რის გამოც სახელწიფო ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას. 


მიუხედავად ამ მცდარი გადაწყვეტილებისა, სტუდენტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურების ვალდებულებას სტუდენტთათვის წელიწადში 2-ჯერ 3-3 სტაჟირების გამოცხადებას. ამასთან, სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა იყოს საჯარო სამსახურის ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომელთა 10%-ზე ნაკლები. 


პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის, სტაჟირებებზე როგორც ინფორმაციის განთავსება, ასევე განაცხადების მიღება უნდა მოხდეს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე hr.gov.ge