გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:18 / 3 ივნისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

3 ივნისი, 2013

თბილისი


პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება - წამოიწყოს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალი ტალღა და დააპატიმროს უშუალო პოლიტიკური ოპონენტი ვანო მერაბიშვილი უკიდურესად უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა  მოუწოდეს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისგან. ისეთი გავლენიანი გამოცემების პუბლიკაციებიც, როგორიცაა „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააგრძელოს ოპონენტების დევნა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ევროპული ინტეგრაციის პროცესს.


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მასპინძელი ქვეყნის - ლიტვის - გავლენიან პარლამენტართა ჯგუფის ( მათ შორის, ამჟამინდელი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერების, ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გედიმინას კირკილასის და ანდრიუს კუბილიუსის ) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და, კონკრეტულად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მიმართ წინასწარი პატიმრობის სრულიად გაუმართლებელი გამოყენება უარყოფითად აისახება ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შანსებზე მიაღწიოს წარმატებას.


იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დღითიდღე იზრდება უმუშევრობა, უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა და, ფაქტობრივად, გაყინულია ინვესტიციები, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა იზრუნოს ამ საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე ისევე როგორც მიაღწიოს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. სრულიად ცხადია, რომ ამისათვის, აუცილებელია შეწყდეს ოპოზიციის დევნა. აღნიშნული დევნა არა მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, არამედ ვერ მიაღწევს ოპოზიციის განადგურების  მთავარ დეკლარირებულ მიზანს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის იდეებზე დაფუძნებული, მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარი პარტია და მიუხედავად დევნისა, განიცდის აღმასვლისა და განახლება-გაძლიერების მნიშვნელოვან პროცესს.