გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:19 / 23 მაისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ძირითადი ოპოზიციური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  გენერალური მდივნის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის ვანო მერაბიშვილის  დაკავება ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის არაერთგზის ღიად გამოცხადებულ განზრახვას, ძალისმიერი მეთოდებით გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში.

ოპოზიციის განადგურების ეს კამპანია შენიღბულია ე.წ. ,, სამართლიანობის აღდგენით“ და სინამდვილეში წარმოადგენს შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკურ ნიმუშს.

ეს ნაბიჯი ახალ, მძიმე პოლიტიკურ რეალობას ქმნის ქვეყანაში და დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც ცივილიზებული ევროპული ქვეყნის იმიჯს.

სამწუხაროა, რომ ივანიშვილის მთავრობა უგულველყოფს ქვეყნის წინაშე არსებულ რაელურ პრობლემებს.  ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაურესდა, მნიშვნელოვნად იკლო ეკონომიკური ზრდის ტემპმა, გაიზარდა უმუშევრობა, ჩვენ ქუჩებში  კვლავ დაბრუნდა კრიმინალი, სამთავრობო წრეებში მძლავრობს კორუფცია, ამასთან, სერიოზული საფრთხე შეექმნა ქვეყნის დასავლურ არჩევანს.

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის წინაშე არსებული პრობლების გადაწყვეტაზე, მთავრობა  ოპოზიციის ღია დევნით არის დაკავებული, რომლის მიზანია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტის შევიწროება, მისი კამპანიისთვის ხელის შეშლა, ოპოზიციის დეზორგანიზაცია და დემორალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, ეს დაკავება სიმბოლურ სახესაც ატარებს:

აკავებენ პოლიციის რეფორმის ავტორს;

აკავებენ კრიმინალთან მთავარ მებრძოლს;

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის, ჩვენი ერთერთი გამორჩეული ლიდერის დაკავება ადამიანური თვალსაზრისით მძიმე დარტყმაა, ვაცხადებთ:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ შეწყვეტს ან შეასუსტებს ბრძოლას, არამედ კიდევ უფრო დიდი შემართებით შეებრძოლება მთავრობის უგუნურ, საქართველოსთვის დამღუპველ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე,  საერთაშორისო ასპარეზზე.

ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის არ არის მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ამოცანა.

ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მზად იყო და მზად იქნება იყოს ამ ეროვნული ღირებულებებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. 

23 მაისი 2013