გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:16 / 23 მაისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს გაკვირვებას იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ უზრუნველყო პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის სათანადო გაშუქება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც მოსამართლემ დაუშვა სასამართლო პროცესზე. აღნიშნული სასამართლოსადმი უპრეცენდეტოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მაუწყებელმა უარი განაცხადა მოეხდინა სასამართლო სხდომის პირდაპირი ტრანსლირება პირველი ან მეორე არხის ეთერით. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია მაუწყებელმა, რომელიც, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირდაპირ ეთერში გადასცემს პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეების ბრიფინგებს, სხვადასხვა, თუნდაც მცირე მასშტაბის ღონისძიებებსა და თავყრილობებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის სასამართლო პროცესის გაშუქება, არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი მოვლენა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღმაშფოთებლად ჩანს იმ ფონზე, როდსაც, ვიმეორებთ, მოსამათლის, ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ყველა სხვა არხს აეკრძალა სასამართლო სხდომაზე დასწრება, ან საზოგადოებრივი მაუწყების სიგნალის მეშვეობით პირდაპირი ტრანსლაციის მოწყობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იქცევა სამთავრობო მაუწყებლად, რისი პირველი ნიშნებიც, სამწუხაროდ აშკარად ჩანს.