გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:32 / 30 მაისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანად მიიჩნევს

ქუთაისი


30 მაისი 2013 წ.


ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით და შემდგომ ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან არდათანხმებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანად მიიჩნევს.


კანონპროექტის თანახმად, არაგონივრულად მცირდება საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადა. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში, ნაცვლად 6 თვისა, რომლის გაგრძელება დასაშვებია დამატებით არაუმეტეს 15 კალენდარული დღით,  ნაცვლად 3 თვისა. ცვლილება შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.


45-დღიანი ვადა არის გაუმართლებლად მცირე და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს[1]. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადის ამგვარი შემცირება უარყოფითად აისახება საქართველოში საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ხარისხზე და საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მეშვეობით ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურობას. კერძოდ, შეიზღუდება მხარეების და სასამართლოს შესაძლებლობა სრულყოფილად გამოიკვლიონ საქმის გარემოებები, წარადგინონ სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები, გამოირიცხება საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტის - „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენება.


უმრავლესობამ არ გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და მხარი დაუჭირა კანონპროექტის პირვანდელი სახით მიღებას.


უმრავლესობა არ დაეთანხმა არც ოპოზიციის შეთავაზებას, რომ გონივრულად შემცირებულიყო საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დღეს მოქმედი ვადა. კერძოდ, ოპოზიციის შეთავაზება ითვალისწინებდა იმას, რომ სარჩლის განხილვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულიყო 6 თვე გაგრძელების უფლების გარეშე.


უმრავლესობა განხილვების პროცესში ღიად აცხადებდა, რომ კანონპროექტის მიზანია, ხელი შეუშალოს ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ახლახანს განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც დათხოვნილი იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.


ეს ნიშნავს იმას, რომ ვეტოს დაძლევით პარლამენტმა დაადასტურა, რომ დღეს უმრავლესობის მთავარი პრიორიტეტია ოპოზიციისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების შეზღუდვა, თუნდაც ეს ხორციელდებოდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დაკნინების ხარჯზე.


[1] ვენეციის კომისიის კვლევა „ინდივიდუალური ხელმისაწვდომობა საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაზე“, დამტკიცებულია 2010 წლის 17-18 დეკემბრის პლენარულ სესიაზე, პარაგრაფი 149.