გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:55 / 19 მაისი 2016

დასაქმებული რუსთავი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროექტის პრეზენტაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ რუსთავში პროექტის - „დასაქმებული რუსთავი“ პრეზენტაცია გამართა.

ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, რომელიც 12200 ჰექტარს შეადგენს და რომელზეც  25-ზე მეტი დიდი თუ საშუალო ზომის საწარმოა განლაგებულია, უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაციისა და საქართველოს მთავრობის უნიათობის გამო, რამოდენიმე ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. მაგალითად:

  • მეტალურგიულ ქარხანაში 1100.
  • ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის და ვაგონშემკეთებელთა ქარხანაში 500.
  • ლითონკონსტრუქციათა საწარმოში 250.
  • სილიკო-მანგანუმის გადამამუშავებელ საწარმოებში 500.

წარმოგიდგენთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხედვას აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან და დამატებით ამ ტერიტორიებზე ინვესტიციების მოზიდვისთვის მიმზიდველი გარემოს შეძენის გეგმასთან დაკავშირებით, რაც რუსთავში, საერთო ჯამში, შექმნის დამატებით 15000 სამუშაო ადგილს.

  1. აღნიშნული (12200ჰ) ტერიტორია გამოცხადდეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად (საქართველოს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ 2007.03 ივლისი) შესაბამისად. რაც გულისხმობს:
  1. მოგების გადასახადის გაუქმებას
  2. დ.ღ.გ.-ს გაუქმებას
  3. იმპორტის გადასახადის გაუქმებას
  4. ქონების გადასახადის გაუქმებას
  5. საშემოსავლო გადასახადის გადახდას დაქირავებულის მიერ დეკლარირების საფუძველზე.
  6. მულტი სავალუტო სისტემის შემოღებას.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი გამოიწვევს: ინვესტიციების მოზიდვას, წარმოებული პროდუქციის გაიაფებას, შესაბამისად მასზე მოთხოვნის გაზრდას და დამატებით ახალი საწარმოების შექმნას. ეს ყველაფერი და პლიუს რუსთავის აღნიშნულ ნაწილში წარმოებისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა გამოიწვევს სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას 15000-ით უახლესი 4 წლის განმავლობაში.

  1. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააგრძელოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. (მაგალითად იმის გამო, რომ აღარ მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: გზები, ესტაკადები, ხიდები, გვირაბები, გაჩერების პირასაა ლითონკონსტრუქციათა საწარმოები, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელახალ ბიძგს მისცემს რუსთავში განლაგებულ საწარმოთა ამოქმედებას და დააბრუნებს ათასობით სამუშაო ადგილს.
  2. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და წარმოება გახდება ნაკლებდანახარჯიანი, იაფი, საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონში უნდა აწარმოოს კონკურენტებთან შედარებით  აქტიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა დაეხმაროს რუსთავში განლაგებულ ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის ვაგონშემკეთებელ ქარხანას დამკვეთის მოძიებაში, რაც 1000-მდე სამუშაო ადგილს დააბრუნებს რუსთავში.

მოთხოვნები:

  1. რუსთავში სამრეწველო ზონის „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადება“
  2. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება
  3. აქტიური და მჭიდრო ურთიერთობების აღდგენა მეზობელი ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განლაგებული კომპანიებისათვის მომხმარებლის მოსაზიდად.

ეს ნაბიჯები რუსთავში შექმნის ახალ 15000 სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა.