აკაკი მინაშვილი: "ისევე, როგორც მოვახერხეთ ყაჩაღ ფარცხალაძის გადაყენება, ასევე მოვახერხებთ სოზარ სუბარის გადაყენებასაც"
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ასევე სიცრუე უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შაბათ–კვირას ვანო მერაბიშვილთან ადვოკატები იმყოფებოდნენ. ამასთან, აკაკი მინაშვილმა განმარტა, თუ რატომაა შეუძლებელი, რომ ისინი შაბათ–კვირას ვანო მერაბიშვილთან შესულიყვნენ.
"რაც უფრო მეტი დრო გადის ჩვენ ღრმად ვრწმუნდებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა, როგორც ქვეყნისათვის, მოსახლეობისათვის სასიკეთო საქმის მკეთებელი ხელისუფლების სახელი, არამედ კვალიფიკაცია აიმაღლა ტყუილსა და ფაქტების ფალსიფიკაციაში", – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ "ყველა ის ფაქტი, რომელიც ეხება ვიდეოფირების წაშლას არის დანაშაულის დაფარვა და ეს თავისთავად კრიმინალია. ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობს დამნაშავეა. როგორც ჩანს, ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი სწორედ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, აღმსრულებელი კი, ბატონი სოზარ სუბარი. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი შერჩევითი მართლმსაჯულებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ ამ დანაშაულისათვის გადაყენებულ იქნეს სოზარ სუბარი და მის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. როგორც ჩვენ ეს, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოვახერხეთ ყაჩაღ ფარცხალაძის მიმართ, ასევე მოვახერხებთ, რომ ამ შემთხვევაში გადააყენონ სოზარ სუბარი".