მოგესალმებით ყველას!
დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებითვის.
პირდაპირ გადავალ ჩვენს ეკონომიკურ პროგრამაზე, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა მსურს გავიმეორო ის სიტყვები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვი ტელევიზიით: მე მიყვარს საქართველო და უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი!
მე დავდივარ მთელ საქართველოში და ვუსმენ, ვხვდები, თვალებში ვუყურებ, ხელს ვართმევ ათიათასობით, ახლა უკვე ასიათასობით ჩვენს თანამემამულეს.
მათგან ძალიან ბევრს უჭირს.
იმ ადამიანთა უმეტესობას, რომელიც ჩემთან შესახვედრად მოდის, დილიდან საღამომდე უწევს იმაზე ფიქრი, როგორ გამოკვებოს საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახი.
ყველაზე მთავარი, რასაც მე ამ შეხვედრებისას ვხედავ, ყველაზე მთავარი, რაც ძალას მაძლევს არის ის, რომ მე ვხედავ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სიდუხჭირის მიუხედავად, იმედით შეჰყურებს მომავალს და დარწმუნებულია, რომ უფრო მეტს იმსახურებს, უფრო მეტი შეუძლია და უფრო მეტს მიაღწევს.
მე ვხედავ ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეს, რომლებმაც იციან, რომ მალე დადგება დღე - საქართველო სიღარიბის გარეშე!
მათ სჯერათ, რომ ისინი დაიწყებენ ღირსეულ ცხოვრებას და ამაყად შევლენ სახლში იმ დღეს, იმ თვეს აღებული ხელფასით.
ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა.
მაგალითად, გუშინწინ ახალციხეში ვიყავი, სადაც ჩემს შესახვედრად 12 ათასი ადამიანი გამოვიდა.
ამ ქალაქსა და რაიონში მეტი არც ცხოვრობს - ამ შეხვედრაზე თითოეული მათგანი მოვიდა.
ისინი მოვიდნენ, რადგან სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ახალციხეში ძალიან ბევრი რამ არ გაკეთებულა.
ჩვენ დავიწყეთ წყალსადენის გაკეთება, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა; ვაგებთ გზებს, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი; შემოსავლები და საწევროები ბევრად ნაკლებია, მაგრამ ამ ხალხს მთავარი რამ აქვთ - იმედი იმისა, რომ ბევრად უკეთ იცხოვრებენ და ჩვენ მათი ინტერესების გამომხატველი ვიქნებით.
ჩვენ ვიყავით ასევე ქუთაისში.
ქუთაისში ცხოვრობს ძალიან დარბაისელი, თბილი და მშვიდი ხალხი.
12 ათასი ქუთაისელი იყო პირველივე შეხვედრაზე - დავით აღმაშენებლის ძეგლის გარშემო, მთავარ მოედანზე ტევა არ იყო.
ადრე ასეთი რამ არადროს არ ყოფილა, განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში.
ჩვენ საქართველოს ისტორიის ძალზე საინტერესო ეტაპზე ვიმყოფებით.
ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ხალხმა თქვა: ?ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რომ ჩვენი ხალხის ბრძოლა და მონდომება წყალში არ ჩაიყრება, არ დანებდება და არ შეეგუება სიღარიბეს?.
ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ ქვეყანას სიღარიბიგან.
ამ ადამიანების მხარდაჭერა სწორედ ამაში გამოიხატება და თითოეული ჩვენგანის მიმართ მათი მათი ნდობის მოტივი სწორედ ეს არის.
ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა: საქართველო სიღარიბის გარეშე!
ეს დღევანდელი მოწოდება არ არის.
თქვენ იცით, რომ საქართველო სიღარიბის გარეშე ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკური საქმიანობის მთელი პერიოდის მთავარი ამოცანა და მთავარი ლოზუნგი.
ამ ლოზუნგისთვის ბრძოლა მე დიდი ხნის წინათ დავიწყე.
დავიწყე მაშინ, როდესაც ჩემი მოწოდება იყო საქართველო შევარდნაძის გარეშე.
დარწმუნებული ვიყავი, რომ შევარდნაძის მმართველობა ჩემი ქვეყნის მუდმივ სიღატაკეს, მუდმივ სიღარიბესა და მუდმივ უპერსპექტივობას ნიშნავდა.
ამ ლოზუნგისთვის ბრძოლა დავიწყე მაშინ, როდესაც ჩემი მოწოდება იყო საქართველო კორუფციის გარეშე.
1999 წელს პარლამენტის არჩევნების დროს ვაკის რაიონში ვიყრიდი კენჭს და ჩემი ლოზუნგი იყო: საქართველო კორუფციის გარეშე.
ამის განხორციელება ბევრს აბსოლუტურ უტოპიად მიაჩნდა.
თუმცა მაშინაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიდრე ქვეყანაში მძვინვარებდა კორუფცია, საქართველო უიმედოდ დაიხრჩობოდა სიღარიბის ჭაობში.
ვიბრძოდი საქართველოთვის სიღარიბის გარეშე მაშინაც, როდესაც ვაგებდით გზებს, რადგან გზების გარეშე შეუძლებელი გაჭირვების დაძლევა, ხალხის დასაქმება და საქართველო სიღარიბის გარეშე.
მე ვიბრძოდი საქართველოსთვის სიღაარიბის გარეშე მაშინაც, როდესაც როდესაც ომი გამოვუცხადეთ ქაოსს, განუკითხაობას და ქურდულ სამყაროს, რადგან ქვეყანა განწირულია სიღატაკისთვის, თუ მას ქურდი ყაჩაღი და ბანდიტი მართავს.
მე ვიბრძოდი საქართველოსთვის სიღარიბის გარეშე მაშინ, როდესაც ვაღდგენდი ელექტროენერგიას, რადგან სიღარიბის დაძლევა ასევე წარმოუდგენელია და ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელია დენის გარეშე - ჭრაქის, სანთლისა და ნავთქურების პირობებში, როდესაც ქვეყანა სიბნელესა და წყვდიადს მოუცავს.
მე ვიბრძოდი სიღარიბის გარეშე საქართველოსთვის მაშინ, როდესაც ბევრ თქვენგანთან ერთად უმაღლეს სასწავლებლებში ჩაწყობის სისტემას ვებრძოდი, რადგან იქ, სადაც ჩაწყობაა და იყიდება დიპლომები, იქ ცოდნასა და სიღარიბის დაძლევაზე ლარაკიც ზედმეტია.
თუ ჩვენ არ მოვაგვარებდით და გამოვასწორებდით ამ ურთულეს პირობებს სიღარიბის დაძლევაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნებოდა.
თითოეული რეფორმის განხორციელება, ძალიან ხშირად, რთული იყო იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის ის ძალზე მტკივნეული ხდებოდა.
ეს ძალზე მძიმე გზა იყო, რადგან სამსახურებიდან ბევრი ადამიანი შეამცირეს, რა თქმა უნდა, ამ დროს ბევრი უსამართლობაც მოხდა და ეს ამ რეფორმების შედეგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ადვილი რეფორმები არ არსებობს.
თითოეული რეფორმა მიზნად ისახავდა იმ დროის მოახლოებას, როდესაც შესაძლებელი გახდებოდა სიღარიბის რეალურად დამარცხება.
4 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი გამოწვევა მივიღეთ, მაგრამ უკვე დადგა დრო, რომ მთავარი მოწოდება და მთავარი საპროგრამო დებულება - საქართველო სიღარიბის გარეშე - ოცნება აღარ იყოს და ამის ერთად მისაღწევად ყველა შესაძლებლობა მთელი ძალით ავამოქმედოთ.
დღეს ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ბევრად უკეთ ცხოვრობს, ვიდრე 4 წლის წინათ და ეს მე ძალიან მახარებს.
მათი ხმებიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოგვეგო, მაგრამ მე არ მინდა ხმა მომცეს მხოლოდ იმან, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ცხოვრება საგრძნობლად გაიუმჯობესა.
ასეთი ადამიანი ბევრია და მათი ნაწილი უკვე ცხოვრობს უფრო მდიდარ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში სიღარიბის გარეშე, მაგრამ უპირველესად, მე მსურს საკუთარი ხმა იმ ხალხმა მომცეს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, რომლისთვისაც სულის მოთქმის მომენტი ჯერ არ დამდგარა და ჯერ კიდევ ელოდება ნანატრ დღეს - როდესაც სამსახური გაუჩნდება და ღირსეულ ცხოვრებას დაიწყებს.
მივმართავ იმ ხალხს, მოგმართავთ თქვენ, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობთ საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ გასათავისუფლებელია სიღარიბისგან და იქ, სადაც გასაკეთებელი განუზომლად მეტია იმასთან შედარებით, რაც აქამდე გაკეთდა.
სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერა მჭირდება, რადგან ჩემი პრეზიდენტობა გეძღვნებათ თქვენ.
მინდა, რომ ყველას, ვისაც დღეს გიჭირთ, ჩემი იმედი გქონდეთ და იცოდეთ, რომ მე გაგიყვანთ სამშვიდობოს.
ჩემ მიერ დაწყებული საქმე დამთავრდება თქვენი სიღარიბისა და გაჭირვების მარცხით.
ჩვენ მიერ დაწყებული გზა მიგვიყვანს საქართველომდე სიღარიბის გარეშე.
ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.
მინდა, რომ ყველას, ვისაც გჭირდებათ და არ გაქვთ სამსახური; ყველას ვისაც გჭირდებათ მკურნალობა და არ გაქვთ ფული; ყველას, ვისაც არა აქვს საშუალება ბავშვებს სახელმძღვანელოები და ჩასაცმელი უყიდოთ; ყველას, ვისაც არა აქვს საშუალება საკუთარი ოჯახი რეგულარულად არჩინოს, უპირველეს ყოვლისა, თქვენ, ასეთ ხალხს მოგცეთ იმედი.
მივმართავ როგორც ამ ხალხს, ისე ყველა დანარჩენს - ყველას ვისაც დაკარგული აქვს იმედი, მინდა მას ის დავუბრუნო და ჩვენი დაწყებული საქმის ეიმედებოდეს.
საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველო გადავაქციოთ ქვეყნად, სადაც მუშაობის თითოეულმა მსურველმა იშოვოს სამსახური.
დასაქმების ჩემი გეგმა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის; გაჩნდება იაფი კრედიტები ბიზნესისათვის, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ასევე სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.
საწარმოების მშენებლობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ხალხი დასაქმდება.
ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად განხორციელდება დასაქმების წამახალისებელი ღონისძიებები, სიღარიბის დასაძლევად აშენდება ახალი საწარმოები.
პროფესიული გადამზადება ყველა მსურველისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
საქართველოში უკვე შეიქმნა პროფესიული გადამზადების 10 ცენტრი და სულ მცირე, კიდევ 50 ცენტრი გაკეთდება, სადაც ადამიანები დღევანდელი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ ცოდნას, ხოლო ამ ცოდნას ბაზრის მოთხოვნებს მოარგებენ.
საქართველოში მთავარი პრობლემა არაკვალიფიციური სამუშაო კადრები არ არის.
რეალურად ჩვენ ძალზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოსახლეობა გვყავს.
გუშინ ტელევიზიით ვნახე როგორ მსჯელობდა ?ელიავას? ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი მუშა ინგლისში თემთა და ლორდთა პალატების ურთიერთობის შესახებ.
ამ ადამიანს აქვს განათლება, ამ ადამიანს აქვს განუზომლად დიდი განათლება, ვიდრე სჭირდება ელიავას ბაზრობაზე მდგომ ადამიანს.
შესაძლოა, ის ყოველდღიურად შოულობდეს თავის გამოსაკვებ ფულს, მაგრამ ტრაგედია სწორედ ისაა, რომ ასეთ ადამიანებს მათი განათლების შესაბამის სამუშაოს ვერ ვაძლევთ.
მისი ცოდნის დონე, განათლება და ინტელექტი არ შეესაბამება იმას, რასაც სახელმწიფო სთავაზობს.
ასევე ჩვენ დავიწყეთ დასაქმების პროგრამა 150 ათასი მოქალაქისათვის.
ყველა პროგრამას გარკვეული ხარვეზები აქვს და შესაძლოა, რაღაც ისე ვერ იყოს, რამე ?გაახალტურონ? კიდეც, მაგრამ ჩვენ ამას შევებრძოლებით.
ამ პროგრამაში მოვიდა ხალხი, რომელიც არა მარტო 15 წელია აღარ მუშაობს, არამედ აღარც ეძებს სამსახურს.
მათ იმედიც აღარ ჰქონდათ.
მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც კომპანიები თუნდაც მხოლოდ სამი თვით დაასაქმებენ, გაიხსენონ და გაიგონ მუშაობის გემო.
იმ ხალხის ერთმა ნაწილმა, ვინც შარშან მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა, იმავე კომპანიაში იშოვა სამსახური; მეორე ნაწილმა ვერაფერი ვერ ნახა; მაგრამ მესამე ნაწილი სხვაგან დასაქმდა და ახალი საშუალებები გაუჩნდა.
ასეთი ტიპის პროგრამები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფომ სოლიდარობა გამოუცხადოს იმ ხალხს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მინდა გითხრათ თუ რა არის საქართველო სიღარიბის გარეშე.
ეს არის ეკონომიკის გასამმაგება შემდეგ 5 წელიწადში.
ჩვენი ეკონომიკა ბოლო 4 წლის განმავლობაში წვალებ-წვალებით, ჩივილ-ჩივილით, უპირველეს ყოვლისა, ჩემი პირადი უკმაყოფილებით 2, 5-ჯერ გავზარდეთ - 2004 წელს, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისას საქართველოს ეკონომიკა 4 მილიარდი იყო, დღეს კი საქართველოს ეკონომიკა 10 მილიარდზე მეტია.
საქართველოს ეკონომიკა, ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში, გაძლევთ სიტყვას, 30 მილიარდი დოლარი გახდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქართულ ოჯახს საშუალოდ სამჯერ მეტი შემოსავალი ექნება.
ამას ყველა ერთად მივაღწევთ.
ეს ასაკის განურჩევლად, ყველა შრომისუნარიანი მოქალაქისათვის ღირსეული სამსახურის პოვნის შესაძლებლობაა.
ჩვენ დღეს ხშირად ვამბობთ და თითქოს დამკვიდრდა კიდეც, რომ ადამიანს მხოლოდ 35 წლამდე შეუძლია სამსახურის შოვნა.
სამწუხაროდ, ზოგიერთი სახელმწიფო ორგანოს გულგრილი დამოკიდებულების შედეგად სახელმწიფო სამსახურში 35 წლის შემდეგ სამსახურს ვერ შოულობს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ყველა ასაკის ადამიანის რესურსი არ გამოვიყენეთ, მომავალი არ გვექნება; უფრო მეტიც, უფროსი ასაკის ადამიანებს 15-წლიანი წყვეტის გამო, უმეტეს შემთხვევაში, უფრო მეტი კვალიფიკაცია აქვთ (რაც, თავის მხრივ, ნორმალური არ არის), ვიდრე იმ თაობას, რომელიც ამ დროის განმავლობაში დამწიფდა და შრომის ბაზარზე გამოვიდა.
საპენსიო ასაკი ღირსეული ასაკია ყველა მოქალაქისათვის და მინიმალური პენსიის ზრდა უახლოესი ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს 100 დოლარამდე, რასაც შესაბამისი სტაჟისა და ნამსახურების მიხედვით დაემატება თანხა, მათ შორის, უმწეობის დახმარების გათვალისწინებით.
ეს არის განსაკუთრებული ზომა უკიდურესად გაჭირვებულთათვის. ვიდრე ასეთები გვეყოლება, საქართველოში სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
საქართველო სიღარიბის გარეშე არის ჩემი საპრეზიდენტო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ პოლიტიკას სიღარიბის დასაძლევად.
უწინარესად, ეს გულისხმობს პენსიების ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გუშინწინდელი დღიდან მინიმალური პენსია უკვე 55 ლარია, მომავალ წელს ეს რიცხვი 76 ლარს მიაღწევს, ხოლო შემდეგ წელს 100 დოლარი გახდება.
მაგალითად, სოფლად, თუ ოჯახში ორი პენსიონერია მათი შემოსავალი 110 ლარი იქნება, ამას ემატება შეღავათი ელექტროენერგიაზე. კახეთის ან სამეგრელოს სოფელში ეს სერიოზული თანხაა. თბილისში ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ოჯახი შიმშილობის ზღვარზე არ მივა, თუნდაც მათ ოჯახის სხვა წევრები არ ეხმარებოდნენ.
ამის მიუხედავად, ეს საკმარისზე ნაკლებია, ამიტომ მინიმალური პენსია გახდება 100 დოლარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულიან ოჯახს შემოსავალი 200 დოლარი ექნება, რასაც სხვა შეღავათებიც დაემატება.
680 ათასი ჩვენი ყველაზე ხელმოკლე მოქალაქისათვის მომზადებული ჯანდაცვის უფასო პაკეტი.
საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ელემენტარული უსახსრობის გამო, პირდაპირ ვთქვათ, იღუპება ან ლოგინად ვარდება.
ხშირად, ამ დროს 300, 500, 700 ლარზეა ლაპარაკი.
ეს პაკეტი 12 ათას ლარამდე მომსახურებას ითვალისწინებს.
?ღირსეული დასაწყისი? - ეს არის კიდევ ერთი უნიკალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. შვილის დაბადებისას ყველა ხელმოკლე ოჯახი 1000 ლარს მიიღებს. ეს კი საქართველოში დაბადებული ყოველი მესამე ბავშვია.
ასევე მივესალმები ჩვენი პატრიარქის ძალიან კარგ თაოსნობას - ოჯახში ყოველ მესამე ბავშვს მონათლავს უწმინდესი და უნეტარესი, თუკი ოჯახებს ამის სურვილი ექნება.
ეს სახელმწიფოს, ეკლესიის და ბიზნესის ერთიანობისა და სოციალური პარტნიორობის კლასიკური მაგალითი; ეს არის სოციალური ჰარმონიულობის საფუძვლის ჩაყრა.
ჩემი პრიორიტეტია განათლება სიღარიბის დასაძლევად.
აქ შეკრებილია ჩვენი საზოგადოების მართლაც ყველაზე ელიტური, განათლებული ნაწილი და არა უბრალოდ ის თვითგამოცხადებული ელიტა, რომელმაც საკუთარი თავი ელიტად ერთხელ გამოაცხადა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე მიიჩნევს.
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელმაც წინ უნდა წაგვწიოს უკეთესი მომავლისაკენ.
ჩემი პრიორიტეტია განათლება სიღარიბის დასაძლევად და მასწავლებელთა ხელფასის გაზრდა.
თითოეული მათგანი უკვე უზრუნველვყავით უფასო სადაზღვევო პაკეტებით.
მინიმალური სტიპენდია ფრიადოსანი სტუდენტებისათვის 100 ლარია, ზოგიერთ უნივერსიტეტებში უფრო მეტიცაა, ხოლო სკოლებში წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური კომპიუტერები.
ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი დავა გაიმართა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ეკონომიკას არაფერს არ მისცემს.
მე კი მიმაჩნია, რომ ეს პირდაპირ სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, რადგან როდესაც ბავშვს ვეუბნებით: ისწავლე კარგად! ეს იმას ნიშნავს, რომ ის არასდროს არ იქნება ღარიბი.
მას, ვინც კარგად ისწავლის, მეტი შანსი აქვს ცხოვრებაში, რომ იშოვნის სამსახურს; ვინც კარგად სწავლობს მას უნდა ჰქონდეს კომპიუტერი.
ჩემი შვილისა და მისი მეგობრების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვები, რომლებიც კომპიუტერთან სხედან, ეჯიბრებიან თანატოლებს კალიფორნიაში, მალაიზიაში, ჩინეთში.
ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია.
ჩვენ გავდივართ ამ შრომის ბაზარზე, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა.
ჩვენ ბავშვებს უბრალოდ კომპიუტერს სათამაშოს - თოჯინების სახლს ან მუსიკალურ ინსტრუმენტს კი არ ვაძლევთ, არამედ მთავარ საგზურს იმისათვის, რომ ისწავლონ ბრძოლა საკუთარი უფლებებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის.
კომპიუტერების ჩუქება ფრიადოსნებისთვის, მაგალითის მიმცემია სხვებისთვის, რათა მათაც კარგად ისწავლონ.
ეს არის საგზური სიღარიბის დასაძლევად და პერსპექტივის მოსაპოვებლად.
ჩემი გეგმა ასევე ითვალისწინებს ცოდნის ქალაქის მშენებლობას.
ამ ქალაქში იქნება სამეცნიერო დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები საუკეთესო რესურსებით.
ჩემი მიზანია საქართველო გადაიქცეს მთელი რეგიონის მთავარ საგანმანათლებლო ცენტრად, რისი პოტენციალიც გვაქვს.
ვიდრე ცოცხლები ვართ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რესურსები გვაქვს, საქართველოს ამის რეალური პერსპექტივაც აქვს.
ამ მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა განათლების რეფორმით, მაგრამ მე არ მივესალმები ხელოვნურ ოპტიმიზაციას, სადაც მხოლოდ ციფრებით ხდება გამოთვლა რამდენი უნდა შემცირდეს და რამდენი უნდა დარჩეს.
ეს ასე არ ითვლება - ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უნიკალურ სამეცნიერო გამოკვლევებთან, უნიკალურ სამეცნიერო ცენტრებთან, საინტერესო მეცნიერებთან.
საქმე გვაქვს მეცნიერთან, რომელმაც შესაძლოა ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ დაწერა განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად, მაგრამ 5 წლის წინათ ისეთი აღმოჩენა გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო შემდეგი 30 წლის მანძილზე ილაპარაკებს.
ასეთი ხალხი ჩვენ დასაკარგი არა გვყავს და მათ მიმართ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უსულგულო, მექანიკური დამოკიდებულება გვქონდეს.
ჩემი უმთავრესი მიზანი სიღარიბის დასაძლევად, არის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად იაფი კრედიტების გაცემა.
უმუშევრობას ჩვენ ძალიან მკვახე და უხეში პასუხი უნდა გავცეთ.
?იაფი კრედიტი დასაქმებისთვის 2008 წლის განმავლობაში? ექვს ძირითად კომპონენტს ეფუძნება:
პირველი - საგადასახადო კრედიტი ახლადშექმნილი საწარმოებისათვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ და შემდეგ წელს ყველა ახლადშექმნილი საწარმო მიიღებს საგადასახადო კრედიტს; ე.ი. 2000 ლარის გადასახადს არ გადაიხდიან შემდეგი ათი წლის განმავლობაში ანუ გადასახადები გადავადდება. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სერიოზული შეღავათი ექნებათ. თუკი, ვთქვათ, რაჭაში, სამეგრელოში, კახეთში ან ქობულეთში ოჯახი გახსნის პატარა რესტორანს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ოჯახმა გადასახადი არ გადაიხადოს და რეინვესტირება მოახდინოს თავის მოკრძალებულ, პატარა საწარმოში. იგივე შეიძლება ითქვას სახერხზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ პატარა საწარმოზე და ა.შ.
ჩვენ ვათავისუფლებთ ამ ხალხს გადასახადებისაგან ათი წლით და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
დედამიწაზე უფასო არაფერი არ არის და საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 120 მილიონი ლარი მცირე საწარმოებისათვის.
მეორე - რეინვესტირების საკრედიტო პროგრამა საშუალო ბიზნესისათვის. ამისათვის იქმნება იაფი კრედიტები 5-წლიანი განვადებით, მაქსიმუმ, 10-პროცენტიანი ინტერესით. ჯამში ეს 100 მილიონ ლარამდეა.
მესამე - საექსპორტო წახალისების პროგრამა, რომლის განხორციელებისათვის 25 მილიონ ლარამდე ჩავდებთ. თუ საჭირო გახდება უფრო მეტ თანხასაც გავითვალისწინებთ იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს.
ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლისთავზე მივაღწიე იმას, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოში ჩვენი ბაზრის 90 პროცენტი ადგილობრივი პროდუქტით გავაჯერეთ. როდესაც პრეზიდენტი გავხდი ჩვენი ბაზრის უფრო მეტი წილი სოფლის მეურნეობის, მაგალითად, სომხურ პროდუქციაზე უფრო მოდიოდა, ვიდრე ქართულზე.
ეს პარადოქსია.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვსვამდით ბულგარულ შამპანურს, ვჭამდით ირანულ კიტრს და ექსკლუზიურად გვქონდა სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქცია თურქეთიდან.
ახლა თითქმის გავაჯერეთ ბაზარი ჩვენი პროდუქტებით, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. თუ ჩვენ გვსურს რომ გავიზარდოთ, ეკონომიკა ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული .
საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა, ამისათვის სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული წასახალისებლად და 2008 წლის 1 იანვრიდან ეს უკვე გათვალისწინებულია.
მეოთხე - იაფი კრედიტები რეგიონული განვითარებისათვის და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დიდი პროგრამისათვის. ჩვენ შემოგვყავს ასეულობით ტრაქტორი 15 წლიანი განვადებით. ჩვენ უფასოდ დავარიგეთ ტრაქტორები, მაგრამ ამან არ გაამართლა. მაგალითად, კახეთის ერთ-ერთ სოფლის ტრაქტორისტმა სამსახური ორი სოფლის გადაღმა იშოვნა და უფასოდ მიცემული ტრაქტორით სამსახურში დადის, თითქოს პერსონალური ავტომობილი იყოს. ეს ასე აღარ იქნება. ამ ტრაქტორებს ჩვენ გადავცემთ საკუთრებაში სოფლებს. მათ ეცოდინებათ, რომ მისი საფასური როდესღაც უნდა გადაიხადონ და დაფარონ, მაგრამ ეს 15 წლის, შესაძლოა, 20 წლის შემდეგ იყოს. ?უფასოს?, უბრალოდ, სხვა ფორმა მოვუნახეთ, თუმცა ამ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, უფასოდ ისარგებლებენ. ეს გადასახადი გლეხებს ტვირთად არ უნდა აწვეთ. სოფლის მეურნეობას ჩვენ ვაჯერებთ ტრაქტორებით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ პროდუქტიულობა უნდა გაზარდონ.
მეხუთე - 4 პროცენტიანი 25-წლიანი კრედიტები პრიზის სახით. უნდა წარმოადგინონ კარგი ბიზნესგეგმა და განსაკუთრებით საინტერესო ბიზნესპროექტებისათვის პრიზი იქნება 5-დან 100 ათას ლარამდე 25 წლის განვადებით. ასეთი პროექტი შეიძლება იყოს ასობით, შესაძლოა ათასობითაც. ეს დაახლოებით ისაა, რაზეც ზოგიერთი თქვენგანი, მათ შორის ლადო გურგენიძეც, ერთი პრიზისათვის ტელეპროექტებში ექვსი თვე აწვალებდით ხალხს. ჩვენ ასეთ პრიზს ასეულობით გავცემთ იმისათვის, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს.
ჩვენი პასუხი უმუშევრობაზე არის ასევე სოფლის მეურნეობის ასი საწარმოს გახსნა. სახელმწიფოს მონაწილეობა ამ საწარმოების მშენებლობაში სხვადასხვაა.
მაგალითად, მარნეულში გაიხსნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ძალიან კარგი, საუკეთესო საწარმო. ჩვენ კი გავიყვანეთ გზა და ელექტროენერგია.
ბაღდათში არის მწვანილის საწარმოები, რომლებსაც ადრე ?აკონტროლებდნენ? კანონიერი ქურდები. კოპიტნარის აეროპორტიდან პროდუქცია მათ მოსკოვის ბაზრებში მიჰქონდათ და იქ ასაღებდნენ. მწარმოებლებს კი კაპიკებს უხდიდნენ. მოსკოვში ჯერ ერთი ბაზარი დაინგრა, მერე მეორე ბაზარი დაკეტეს, კანონიერი ქურდებიც აილაგმა საქართველოდან, ბაზარიც დაიხურა და ამის შემდეგ რუსეთის ემბარგომაც ?მოგვისწრო?. მაგრამ სახელმწიფოს მონაწილეობით, ასევე უცხოელების დახმარებითაც, ბოსტნეულისა და მწვანილის გადამუშავებისა და დაფასოების საწარმოები გაიხსნა და საბოლოოდ ეს პროდუქცია, პრაქტიკულად, გადასახადების გარეშე (ამ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი) შედის ევროპის ბაზრებზე.
მინდა ვთქვა, რომ ჩემი პასუხი უმუშევრობას, ეს არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს.
ამაზე ახლა ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ბოლომდე გათვითცნობიერებული არავის არა აქვს, რამდენად დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას.
ეს ფოთსა და მის ზონაში, რეალურად, ასობით მილიარდი დოლარის ინვესტირებას ნიშნავს; ეს არის მთელი დასავლეთ საქართველოსა და მთელი საქართველოს გამოცოცხლება.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო შვიდი უზღვო ქვეყნისთვის ყველაზე მოკლე გასავალია ევროპისკენ.
ჩვენ ვაშენებთ უზარმაზარ რკინიგზას პეკინი-თბილისი-ლონდონი; ამას ემატება ფოთის პორტში დიდი თავისუფალი ეკონომიკურ ზონა და გარწმუნებთ, ხუთ წელიწადში აქაურობას ვერავინ ვერ იცნობს.
აქ იქნება უამრავი ცათამბჯენი, ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დასაქმდება და ნახავთ როგორი დეფიციტი გვექნება მუშა-ხელის თვალსაზრისით.
თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ასობით ათას კაცს საქართველოში.
ეს არის ჩემი გზა - საქართველო სიღარიბის გარეშე!
ჩემი პასუხი უმუშევრობას არის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
ამიტომ გვინდა სტაბილურობა!
ამიტომ არ შეიძლება რომ საქართველოს ტელევიზიით აჩვენებდნენ როგორც ქვეყანას, სადაც შეტაკებები, არეულობა და უბედურებაა.
ეს პირდაპირ ურტყამს ტურიზმის ინდუსტრიას.
იმ ძალამ, რომელიც ამაშია დაინტერესებული, ძალიან კარგად იცის, რომ რაც უფრო მეტად გამოჩნდება საქართველოს ამ მხრივ, მით ნაკლები ტურისტი ჩამოვა ჩვენთან.
არადა, ჩვენთვის ამას საარსებო მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ პატარა რესტორნები, პატარა კაფეები, პატარა სასტუმროები, პატარა ჯიხურები ეს არის ის, რაც ხალხს ასაქმებს.
ტურისტების 90 პროცენტი სწორედ ამ სასტუმროებში დაბინავდება.
აქედან გამომდინარე არ შეიძლება დავუშვათ არეულობა და არასტაბილური გარემო შეიქმნას.
საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც ბევრს გავაკეთებთ.
მაგალითად ავიღოთ შაორის ტბა, რომელიც უნიკალური კურორტია.
ამას წინათ, ტყიბულში გავლისას ვნახე, რომ ტყიბულის მაღარო ამუშავდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ არსებობს მიტოვებული ქალაქები.
ტყიბული ყველაზე უიმედო ქალაქი იყო ყველა ქართულ რაიონულ ცენტრს შორის.
მეც კი, რომელიც დიდი ოპტიმისტი ვარ, სამი წლის წინათ ხელები მეშვებოდა ტყიბულის დანახვისას - ვერ წარმომედგინა ტყიბულს თუ ეშველებოდა.
ჩემი წამოსვლისას იქაურობა დათოვლილი იყო და შვეიცარიის სათხილამურო კურორტი დავოსი გამახსენდა.
დავოსის გვერდზე არის არის დასახლებული პუნქტი, რომელიც მხოლოდ იმის გამოა აყვავებული, რომ ამ კურორტის დავოსის მახლობლად მდებარეობს.
მინდა გითხრათ, რომ შაორი დავოსზე ბევრად უფრო პერსპექტიული კურორტი იქნება.
შაორით მთელი რაჭა და მთელი იმერეთი იხეირებს, მაგრამ ტყიბულიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტურისტული ქალაქი გახდება.
სწორედ ამ კუთხით დავინახე ტყიბული ძველი, სტალინისტური შენობებით, მისი ქუჩებით, გარშემო მთებითა და ულამაზესი ბუნებით.
ჩვენ ამას გავაკეთებთ და ეს არ არის ათწლიანი პროექტი.
ვაპირებ, რომ ეს საქმე მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე მივიყვანო ბოლომდე.
ეს არის ჩემი გზა საქართველოსთვის სიღარიბის გარეშე.
ჩემი პასუხი უმუშევრობას იქნება სამშენებლო ბუმი საქართველოში, ახალი ინვესტიციების ნაკადი.
საქართველო ისეთივე ბიზნესცენტრი უნდა გახდეს ამ შვიდი ქვეყნისთვის, მთელი შავი ზღვისპირა რეგიონისთვის როგორიცაა სინგაპური აზიაში, დუბაი - ახლო აღმოსავლეთში; როგორიც იყო ჰონ-კონგი - ჩინეთისა და მთელი აზიის რეგიონისათვის.
საამისოდ ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს.
დღეს ვერავინ ვერ ამბობს, ყველაზე ნამუსგარეცხილი ოპონენტიც კი, რომ საქართველოს მთავრობა არის კორუმპირებული.
ეს მართლაც ასეა - ჩვენ ვართ ერთადერთი მთავრობა ახალ საქართველოში, რომელმაც ამას მიაღწია.
მართალია ყველა ოჯახში არის საუბედურო გამონაკლისი, მაგრამ ეს ოჯახი ამას სჯის.
ყველა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ყველაზე არაკორუმპირებული გარემო, ყველაზე დაბალი გადასახადები, კარგი გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი პერსპექტივა გვაქვს, ასევე ნიჭიერი და გონიერი ხალხი გვყავს.
აქედან გამომდინარე შეუძლებელია, რომ აქ ახალი სინგაპურისა და ახალი დუბაის გაკეთება ვერ შევძლოთ.
ეს ასევე არის ჩემი გზავნილი საქართველოსკენ სიღარიბის გარეშე.
დაბოლოს, ჯაჭვის სიმტკიცე იზომება არ მისი ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე სუსტი რგოლების მიხედვით.
საქართველოს წარმატება და ბედნიერებაც იზომება არა მისი ყველაზე ბედნიერი, ფეხზე დამდგარი და მდიდარი ოჯახების სიმტკიცით, არამედ - ყველაზე ღარიბი და დაუცველი ოჯახების მდგომარეობით.
ჯაჭვი იქ წყდება, სადაც მისი ყველაზე სუსტი რგოლებია, ამიტომ ჩვენთვის ჩვენი საზოგადოების სიმტკიცე დამოკიდებულია არა შეძლებულ, არამედ სუსტ და დაუცველ ოჯახებზე.
ჩვენი საზოგადოება ვერ იქნება ძლიერი, ადამიანური და ჰუმანური, სანამ საქართველოში თუნდაც ერთი ღარიბი ოჯახი იქნება.
ჩემი მიზანია დავამარცხოთ სიღარიბე ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებში.
ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო სიღარიბისაგან გავათავისუფლოთ.
ჩემი მოწოდებაა - საქართველო სიღარიბის გარეშე! |