 |
|
|
|
|
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, დღეს სოფელ დიღომში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღომში გარემონტებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა, მოსახლეობასაც შეხვდა და მათ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. სოფლის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგების პრობლემა აქვს. პრეზიდენტობის კანდიდატი ქალაქის მერთან გიგი უგულავასთან ერთად წყლის სათავე ნაგებობაზე ავიდა და ვითარების ადგილზე გარკვევას შეეცადა. აღმოჩნდა, რომ სოფელ დიღმის წყლის მომარაგების სისტემაში სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება და ეს პრობლემა მათი დასრულებისთანავე მოგვარდება.სააკაშვილმა სოფელ დიღმის მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებაც მისცა. "აქ ადრე მეწარმეობა კარგად იყო განვითარებული. ჩვენ მოვამზადებთ ხალხს, რომ კარგად დაწერონ ბიზნესწინადადებები. ვისაც ნორმალური წინადადება ექნება, კრედიტს უფრო იაფად მივცემთ, ვიდრე ეს დღევანდელ ბაზარზეა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, პრივატიზაციიდან შემოსული თუ ზედმეტი საბიუჯეტო შემოსავლებიდან მიღებული ყველა თავისუფალი თანხა, ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის განვითარების საშუალება ჰქონდეთ.
<< დაბრუნება |
|
|
 |