საქართველო სიღარიბის გარეშე !    მე და მიშა გავიმარჯვებთ !     5 მიზანი რომელსაც ერთად მივაღწევთ !

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ქვემო ქართლს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქვემო ქართლის მოსახლეობას ხვდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და რუსთავში  შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში დღეს მისი მეუღლე სანდრა რულოვსიც ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. "საქართველო სიღარიბის გარეშე", - ასეთი იყო სააკაშვილის საუბრის მთავარი დევიზი. ბოლნისის მოსახლეობას იგი წყლის პრობლემის მოგვარებასაც დაპირდა.

"ბოლნისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქალაქი ქვემო ქართლში და მთლიანად საქართველოში. ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს და, რაც მთავარია, გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბოლნისელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას. 

"ჩემზე ამბობენ, თითქოს, ხალხს და საზოგადეობას ჩამოვშორდი. ეს ასე არ არის და ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ბოლნისელ საზოგადოებას შევხვდი", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლნისელ ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ მარნეულში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა კულტურის სახლის წინ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თავდაპირველად რუსულად მიმართა. მან ყურადღება ქართული ენის სწავლებასა და დასაქმების პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უპირველესად, მას იმ ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს.  

”მე მინდა ვიყო იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელსაც მომავალი დღის იმედი აქვს. მე მინდა ვიყო იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელიც გაჭირვებისა და უმუშევრობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჯერ კიდევ არა აქვს საშუალება იმკურნალოს იმ საავადმყოფოში, რომელსაც მარნეულში ვაშენებთ, მაინც ერთად დადგება. ჩვენ ერთად შევძლებთ თავი დავაღწიოთ სიღარიბეს”, - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის მთავარი თემა, ბოლნისის მსგავსად, მარნეულშიც, დასაქმება და ”საქართველო სიღარიბის გარეშე” იყო.პრეზიდენტობის კანდიდატი მარნეულის სადღესასწაულო ცენტრშიც იმყოფებდა, სადაც აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ბოლნისისა და მარნეულის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გარდაბანში გაემგზავრა, სადაც მეუღლესთან ერთად ქუჩებში გაიარა და მოსახლეობას პრობლემებზე პირადად ესაუბრა.

რუსთავში ჩასულმა კანდიდატმა კი, მთავრობას მიმართა და სთხოვა, რომ ელექტროენერგიის დავალიანება, რომელიც დევნილებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაუგროვდათ, გააუქმონ.

”მთავრობას მივმართავ თხოვნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ დევნილებსა და იმ ხალხს, რომელსაც გასულ წლებში დავალიანება დაუგროვდა, გადახდის საშუალება კი არა აქვს, ვალის ჩამოწერის მიზნით მისი რესტრუქტურიზაცია მოხდეს. მთავრობას ალბათ შეეძლება ამ ვალის გადახდა. მთავარია ის ხალხს დამოკლეს მახვილივით არ აწვეს”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტეებთან საუბრისას.

პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლნისის სიონსაც ესტუმრა და ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალერა.

”საქართველოში არ დარჩება არც ერთი ეკლესია, რომელიც არ იქნება აღდგენილი. დარჩება მხოლოდ აფხაზეთი, მაგრამ იქაც ყველა ეკლესიას აღვადგენთ”, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

<< დაბრუნება