 |
|
|
|
|
მიხეილ სააკაშვილი
დაიბადა ქალაქ თბილისში 1967 წლის 21 დეკემბერს, 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
|
|
|
განათლება
1995-1996
სწავლობდა დოქტორანტურაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნულ ცენტრში.
1994
დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა, როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი.
1992
წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში.
მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ-იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში.
პოლიტიკური კარიერა
1995-1999
საქართველოს პარლამენტის წევრი.
1995
აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.
24 იანვარი 2000
აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.
12 ოქტომბერი 2000
დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მას რვა ფრაქციიდან შვიდმა მხარი დაუჭირა.
სექტემბერი 2001
პრეზიდენტის კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამავე წლის 21 ოქტომბერს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
2002
სათავეში ჩაუდგა თბილისის საკრებულოს.
2004 წლის 4 იანვარი
ქართველმა ხალხმა ხმათა 97%-ით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
2004
დასახელდა “ევროპული ხმის" ყოველწლიური კონკურსის “წლის ევროპელის" “ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქედ”.
იანვარი 2005
მიხელი სააკაშვილი ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგინეს.
მარტი 2005
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში წლის ადამიანად დასახელდა.
|
სანდრა ელისაბედ რულოვსი
დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში. |
|
|
1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს მომავალ მეუღლეს მიხეილ სააკაშვილის შეხვდა, წლის ბოლოს კი, ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.
1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც სანდრა ელისაბედ რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა. 1997 წლიდან ის ჰოლანდიური რადიოს კორესპოდენტი იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე გადაცემებს ამზადებდა.
1998 წელს საქველმოქმედო ფონდი SOCO (www.soco.ge) დააფუძნა, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების დასახმარებლად დასავლეთ ევროპული და ქართული კომპანიებისა თუ კერძო პირების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე მუშაობს. 2007 წლის თებერვლიდან SOCO-ს პრიორიტეტულ საქმიანობას რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ახალშობილებზე ზრუნვა წარმოადგენს.
1999-2003 წლებში სანდრა ელისაბედ რულოვსი იმ ჰოლანდიური კომპანიების დამოუკიდებელ ბიზნეს კონსულტანტად მუშაობდა, რომლებიც საქართველოში თავის ბიზნეს შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ამავე დროს ის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ცოდნის გაზიარების პროგრამათა მართვის კოორდინატორი იყო, რომლებსაც ჰოლანდიის მთავრობა აფინანსებდა.
ამ პერიოდში საქართველოს პირველი ლედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ენების კათედრაზე ლექციათა კურსს კითხულობდა, 2003 წლის შემოდგომიდან 2007 წლის ზაფხულამდე კი კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს ფრანგულ ენას ასწავლიდა.
მშობლიური ენის გარდა, სანდრა ელისაბედ რულოვსი ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულსა და მეგრულს. |
2005 წლის მარტში საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი - იდეალისტის ნაამბობი" გამოსცა. წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია 2005 წლის ოქტომბერში გაიმართა, ხოლო უკრაინულის, 2006 წლის მარტში. ავტობიოგრაფიულ წიგნში სანდრა ელისაბედ რულოვსი იხსენებს 1992 წლის ზაფხულში თავის პირველ ჩამოსვლას საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და მათ ცხოვრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნში ამავე დროს პირველი ლედი აღწერს ქართულ საზოგადოებაში მის ინტეგრაციას, წყვილის კარიერის განვითარებასა და ქვეყანაში ხალხის თანმიმდევრულად მზარდ იმ მღელვარებას, რამაც 2003 წლის შემოდგომაზე ვარდების რევოლუცია გამოიწვია.
საქართველოს პირველი ლედი ყოველდღიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის განვითარების მიზნებზე მუშაობს. კერძოდ, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის, უკიდურესი სიღარიბისა და ინფექციური დაავადებების შემცირებაზე. 2004 წლის ოქტომბრიდან სანდრა ელისაბედ რულოვსი ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს. ამავე დროს ის აღმოსავლეთ ევროპაში გლობალური თანამშრომლობა "შევაჩეროთ ტუბერკულოზის" ელჩია.
საქართველოს პირველი ლედი აგრეთვე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებობს. ის მხარს უჭერს სამინისტროს საქმიანობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა იმუნიზაციის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამჟამად ის თბილისში ექთნობის შემსწავლელ სამწლიან კურსს გადის და სავარაუდოდ დიპლომს 2008 წელს მიიღებს.
სანდრა ელისაბედ რულოვსმა ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოში კლასიკური მუსიკის პირველი რადიო დააფუძნა.
იგი გატაცებულია ცურვით, ტენისით, თხილამურებითა და კლასიკური მუსიკით.
|
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO
2007 წლის თებერვლიდან SOCO-ს პრიორიტეტულ საქმიანობას რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ახალშობილებზე ზრუნვა წარმოადგენს:
- სამშობიარო სახლების მატერიალური დახმარება (სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სამედიცინო ტექნიკითა და ერთჯერადი მოხმარების ნივთებით აღჭურვა);
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
- ფეხმძიმე ქალებისა და ზოგადად საზოგადოების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული პრევენცია;
- სამედიცინო პერსონალის (რადიოლოგების, ნეონატოლოგების, სამეანო მედდების) მომზადება და ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში;
- UNFPA-ს მობილური ჯგუფების მხარდაჭერა (სამედიცინო პერსონალი, მატერიალური დახმარება).
მიმდინარე პროექტები:
- მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტებით დახმარება - აჭარაში, ჭიათურასა და თბილისში;
- მობილური ჯგუფის ექიმთა მიერ ფეხმძიმე ქალებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა ქვემო ქართლის რეგიონში;
- ქვემო ქართლის რეგიონში ფეხმძიმე ქალებისთვის სასტარტო პაკეტების გაცემა;
- ჯანსაღი ქორწინება – აჭარის რეგიონში ახალ დაქორწინებულ წყვილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევისა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარება, საქორწილო საჩუქრის გადაცემა;
- პრაქტიკული ტრენინგი რადიოლოგებისთვის სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონში;
- აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პრენატალური დიაგნოსტიკის ხელშეწყობა უახლესი სამედიცინო აპარატურის საშუალებით;
- რეგიონებიდან რისკის ჯგუფში მყოფი ორსული ქალებისთვის სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება და ამნიოცენტეზის პროცედურის ჩატარება;
- მახინჯაურის ბავშვთა სახლის მატერიალური მხარდაჭერა;
- ბორჯომის სამშობიარო სახლის მატერიალური მხარდაჭერა.
|
|
|
|
|
|
 |