საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკური პარტიების განვითარება, პარლამენტის გაძლიერება, საარჩევნო სისტემის განმტკიცება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქალთა პოლიტიკური აქტივობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. 2003 წლამდე, NDI ინტენსიურად მუშაობდა პოლიტიკურ პარტიებთან, ხელს უწყობდა დიალოგს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის და დახმარებას უწევდა ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. 2003 წლიდან, NDI ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გაძლიერების პროგრამას, ხელს უწყობს სამოქალაქო სექტორის განვითარებას და მის ჩართულობას რეფორმების პროცესში. NDI, ასევე პერიოდულად ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით მიმდინარე რეფორმებთან მიმართებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან პარტიის შექმნისთანავე 2001 წლიდან იღებს სათავეს. NDI -მ წინასაარჩევნო პერიოდში ჩაატარა ტრენინგები და სემინარები პარტიის კანდიდატებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვისა და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებზე.
ტრენინგების ორგანიზება ხდება ასევე პარტიის მიერ საარჩევნო უბნებზე წარდგენილი კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის შემუშავებულ იქნა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმად ქცევის კოდექსის ხელმომწერი ყველა პარტია ვალდებულებას იღებდა დაეცვა გარკვეული ეთიკის ნორმები არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებთან მიმართებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუყოვნებელ რეაგირებას ახდენდნენ არჩევნების პერიოდში პარტიებიდან შემოსულ საჩივრებზე როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე სხვა პარტიების მხრიდან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები (წევრები, აქტივისტები, წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში) მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკაში და მათი, როგორც კანდიდატების მომზადებას მომავალი არჩევნებისთვის. მონაწილეთა შერჩევის პროცესი მეტად კონკურენტულია. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 20-25 ქალი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გადის ერთ წლიან ტრენინგების კურსს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ლიდერობა, საჯარო გამოსვლები, საარჩევნო კამპანიის წარმოება და პროექტების მომზადება.
2009 წლის თებერვალში, NDI-ს აქტიური დახმარებითა და ხელშეწყობით შეიქმნა და მუშაობს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც NDI ხელს უწყობს ნაციონალურ მოძრაობას კონსტრუქციული დიალოგისა და დისკუსიების წარმართვაში პოლიტიკურ ჯგუფებთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.