საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიები.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი შეიქმნა 1983 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ მარგარეთ თეთჩერი, ჯორჯ ბუში უფრ., ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი და სხვ.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი შედგება რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციისგან: ამერიკის დემოკრატიული კავშირი (ADU); აზია-წყნარი ოკეანის დემოკრატიული კავშირი (APDU); კარიბის დემოკრატიული კავშირი (CDU); აფრიკის დემოკრატიული კავშირი (DUA) და ევროპის დემოკრატიული კავშირი (EDU). IDU-ს ყველა წევრი პარტია მკაცრად მისდევს ორგანიზაციის დამფუძნებელთა მიერ 1983 წელს შემუშავებულ პრინციპების დეკლარაციას.
IDU ხელს უწყობს მის წევრ პარტიებს შორის საერთო იდეოლოგიის ჩამოყალიბებას, მუდმივი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარებას, ურთიერთდახმარებისა და თანადგომის პრაქტიკას. IDU პერმანენტულად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა სახის ფორუმებს, რათა მის წევრ პარტიებს ჰქონდეთ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციისა და აზრთა გაცვლის საშუალება.
ორგანიზაციაში პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები თუ პოლიტიკური პრაქტიკა და დახმარება აღმოუჩინონ ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში.
რეგულარულად ტარდება შეხვედრები როგორც სრულუფლებიან წევრებს, ასევე რეგიონალური ორგანიზაციების წევრებს შორის. გაერთიანების ხელმძღვანელების არჩევა ხდება წევრი პარტიების ლიდერთა შეხვედრებზე, რომლებიც ტარდება ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ.
IDU-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომები იმართება ლოკალურ და კონკრეტულ საკითხებზე, ასევე ხდება ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე აპლიკანტი პარტიის საკითხის განხილვა. აღმასრულებელი შეხვედრების გარდა ყოველწლიურად ტარდება ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი, ასევე სხვა სპეციალური პროექტები. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ აშშ-ის რესპუბლიკელთა ყრილობის პარალელურად, უკანასკნელი ჩატარდა 2008 წლის 4 სექტემბერს, სტ. პოლში, მინესოტა.
IDU ასევე აწყობს სემინარებს კამპანიის საკითხებში პოლიტიკოსებისა და პარტიის ატქივისტებისთვის, რაც მოიცავს ინფორმაციის გაცვლას კამპანიის ტექნოლოგიების, ფინანსური რესურსების მოზიდვის, საარჩევნო კვლევების, რეკლამისა და კამპანიის წარმართვის საკითხებზე. IDU მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსგავსი იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების განვითარების, პრაქტიკის ურთიერთგაცვლისა და საარჩევნო წარმატების საქმეში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის თანამშრომლობა დაიწყო 2006 წლიდან, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმ ფაქტმა, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი, მსგავსი ღირებულებებისა და პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე მრავალი პარტია. პარტიის ოფიციალური განაცხადი გაწევრიანებაზე წარდგენილ იქნა 2007 წელს.
2007 წლის 31 ოქტომბერს ელ სალვადორში გაიმართა IDU-ს საგარეო საქმეთა მუდმივი კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაწევრიანების საკითხი, რის შემდეგაც პარტიას ოფიციალურად მიენიჭა ორგანიზაციის წევრის სტატუსი.
პარტიის წარმომადგენლობა არა ერთხელ იყო მიწვეული სხვა შეხვედრებზეც: IDUU აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა _ სიდნეი, ავსტრალია, 21 აპრილი, 2008; IDU -ში შემავალი პარტიების ლიდერთა შეხვედრა _ 25-26 ივნისი, პარიზი 2008; IDUU საგარეო ურთიერთობების მუდმივი კომიტეტის სხდომა _ 5-7 ივლისი, ლონდონი 2009.